პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – სალომე ზურაბიშვილი იტალიაში იმყოფება, იტალიის პრეზიდენტს ხვდება და ამ დროს საკონსტიტუციო დავის დაწყება, მიუღებლად მიმაჩნია

საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება, იტალიის პრეზიდენტს ხვდება და ამ დროს საკონსტიტუციო დავის დაწყება, მიუღებლად მიმაჩნია, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, მთავრობის მიერ მომზადებული სარჩელი ჯერ არ უნახავს.

„პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომსა და ბრიუსელში, დღეს იტალიის პრეზიდენტს შეხვდა. იტალია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი როლის მოხდება შეუძლია. ამ დროს, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გავიგეთ, რომ გადაწყვიტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე. ეს პირველად არ ხდება, 14 მარტს, პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას ახსენა, რომ მას ვიზიტები დაგეგმილი ჰქონდა პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში, თუმცა პრეზიდენტს ამ ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა მოუწია. მაშინაც, იგივე პრობლემა შეიქმნა. ეს შემთხვევით ხდება, შეგნებულად კეთდება თუ დაუფიქრებელი ნაბიჯებია, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი.

მთავრობის მიერ მომზადებული სარჩელი ჯერ არ გვინახავს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. ვიდრე სარჩელს არ გავეცნობით, რა მოთხოვნებია და რის დაზუსტებას ითხოვს მთავრობა, მანამდე იურიდიულ დეტალებში შესვლა რთულია. ამიტომ, დაველოდოთ, სარჩელი როდის გახდება ცნობილი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ შემოსული იყო 12 ელჩის კანდიდატურა და 12-ვეზე დადებითი პასუხი იყო. დეტალებში კონკრეტული ელჩების საკითხი არ ვიცი. ეს ყველაფერი ხდება დაუფიქრებლად, შეგნებულად, შეუგნებლად, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ამის გაკეთება სხვა დროს და სხვა ვითარებაში შეიძლებოდა. პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება, იტალიის პრეზიდენტს ხვდება და ამ დროს დავის დაწყება, თქვენ თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია – მე მიუღებლად მიმაჩნია“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.