„გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი” – ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა.

„გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე;

ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე; მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.