,,ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე – ეს შეტევა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით” – მდინარაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება მაინცდამაინც ახლა მოხდა, როდესაც ამ ქვეყნისათვის ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო და საქართველოზე ეს შეტევა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ერთი თვის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი კრიტიკული წინადადება იყო გამოთქმული, სადაც ეწერა, რომ შეშფოთება არის გამოთქმული პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით.

„შემთხვევით არ მომიტანია ეს ფურცელი თქვენთან. ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებაზე. ამ რეზოლუციის მე-14 პარაგრაფში ეწერა, რომ „გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ზოგადად, საქართველოში კარგად არის დაცული. ასამბლეა მიესალმება მიღწეულ პროგრესს მედიაგარემოს გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მედიაბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედიაგარემოსათვის“. ერთი კრიტიკული წინადადებაა მხოლოდ, სადაც ეწერა, რომ „შეშფოთება არის გამოთქმული მხოლოდ პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით“.

ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც რაღაცა არმაგედონის ფონი შექმნა, რატომ დასჭირდა იმგვარად, რომ თითქოს ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი ჩამოიქცა.

ნიკა გვარამიას დაკავებამ, რომელზეც 1-კვირიანი „ფეიკ“ კამპანია აწარმოეთ, დაღუპეთ ის ადამიანი თქვენი მომხრეების თვალშიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, თითქოს ეს ადამიანი დაკავებული იყო სამსახურებრივი ავტომანქანის ფლობისათვის, როდესაც ის მანქანა საერთოდ არ იყო სამსახურებრივი და „რუსთავი 2“-ის ბალანსზე არ აღმოჩნდა ბოლოს, ამ „ფეიკისათვის“ არ შეიძლება ევროპამ მთლიანად და კიდევ 19-მა სახელმწიფომ, დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე ყველაფერი ცუდად არის. წარმოუდგენელია. ამ „ფეიკ“ კამპანიაში სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში იღებენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას, არამედ 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი აღმოჩნდა, რომელმაც ეს პოზიცია გაიზიარა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.