,,რის სანქცირებას ითხოვენ – სამების ტაძრის? დაბრუნებული ღირსების გრძნობის?” – დავით მათიკაშვილი

,,რის სანქცირებას ითხოვენ – სამების ტაძრის? დაბრუნებული ღირსების გრძნობის?” – ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების” წევრი. დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული და მოამაგეა.

,,როდიდან გახდა მაღალი ევროპული ღირებულება ჭეშმარიტი გმირების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოამაგე მოღვაწეების ანტიგმირებად გამოცხადება და პირიქით, სადისტური რეჟიმის შემოქმედების, თვალსაჩინო და ევროპული სასამართლოს მიერ ოფიციალურად აღიარებული ანტიგმირების, გმირებად და მოწამეებად მონათვლა!!!

საინტერესოა რის სანქცირებას ითხოვენ ევროპარლამენტიდან: სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია მონასტრის აშენების თუ რეკონსტრუქციის?! თეატრების და მუზეუმების გადარჩენის და აღდგენის? ! შენარჩუნებული და გადარჩენილი ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის?! თუ სააკაშვილის და გვარამიას მიერ წართმეული და ივანიშვილის მიერ ჩვენი ხალხისთვის დაბრუნებული ღირსების გრძნობის?! ეს სია ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული ღვაწლის ჩამონათვალი შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს.

ევროპული ღირებულებები და ფასეულობები პირველ რიგში სიმართლის აღიარებას და პატივისცემას გულისხმობს, სიმართლეს რომელსაც ტყუილი, ,,ფეიკი” და ვიწრო პარტიული თუ ლობისტური ინტერესები ვერაფერს დააკლებს. სიმართლე კი არის მხოლოდ ერთი და ის მდგომარეობს შემდეგში: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოამაგეა ჩვენი სამშობლოსი, მისმა მოღვაწეობამ დათესა უდიდესი სიყვარული და სწორედ ამ სიყვარულით, სრულიად დამსახურებულად უყვარს ის ქართველ ხალხს” – აღნიშნავს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დეპუტატები ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.