სამშობიარო სახლ “პინეოში“ ჩვილი გარდაიცვალა – ნათესავები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

სამშობიარო სახლ “პინეოში” გუშინ ჩვილი გარდაიცვალა. 23 წლის მშობიარე ნათია კუპატაძის ახლობლები კლინიკის პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბავშვი ექიმის გულგრილობისა და დაუდევრობის გამო დაიღუპა.

ნათია კუპატაძის ოჯახი “პინეოს” ექიმის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

“მიუციათ მეოთხედი გამაყუჩებელი, აკვირდებოდნენ თურმე და დაწყებია მშობიარობა, ტკივილები ჩვეულებრივად ჰქონდა, ბავშვის გულისცემა ჩვეულებრივად ისმოდაო, წყლები დაღვარა ჭუჭყიანი, ამღვრეული წყლები. ამის შემდეგ პასუხი იყო ის, რომ ამღვრეული წყლების გამო მოხდა თრომბოზი, ბავშვი დაიღუპა. კითხვა მაქვს, რატომ მიიყვანეს ამ ზომამდე და რატომ მაშინვე არ გააკეთეს ოპერაცია, როცა ნახეს, რომ წყლები იყო ამღვრეული. 2 კვირის წინ მომწერა, რომ ჩვეულებრივ მქონდა ყრუ ტკივილებიო, არც გამსინჯა ექიმმა, უბრალოდ მნახა, გამომიშვა სახლში და მითხრა 2-3 დღეში დაგეწყება ტკივილებიო, 42 კვირაზე ამშობიარეს, ბავშვი დაიღუპა აბა რა იქნებოდა”, – ამბობს ნათესავი.

სამშობიარო სახლთან ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.