,,პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ თითქოს რაღაც გვინდა გამოვტყუოთ ევროპელ პარტნიორებს, თან ისეთი რამ, რისი გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ” – იაგო ხვიჩია

პრემიერის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თითქოს რაღაც გვინდა გამოვტყუოთ ევროპელ პარტნიორებს, თან ისეთი რამ, რისი გამოტყუებისთვისაც არ უნდა ვიბრძოდეთ,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.

ხვიჩია იმედოვნებს, რომ ევროპელი პარტნიორები „ამ ერთხელ გვაპატიებენ, რომ უცნაური რაღაცები ისმის და მოგვცემენ დროს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად“.

„ჩემი აზრით, ახლა ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ ევროპელები რამენაირად გავაბრაზოთ და უარი ვათქმევინოთ ისეთ რამეზე, რაზე უარის თქმაც ჩვენთვის არ შეიძლება. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არ შეაფერხებს საქართველოში გაკეთებული განცხადებები ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია ამბობს: „არ ვიცი, რამდენად ავარდებიან ამ გამომწვევ ქმედებებზე ჩვენი პარტნიორები“.

„ვისურვებდი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ეს უცნაური ახირებული ხალხია საქართველოს მთავრობაში და ამ ერთხელ გაგვიგონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ „ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს“. მისი თქმით, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს. „ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“,- განაცხადა პრემიერმა.