,,სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია 45 დღე მიმდინარეობდა და რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც ვერ გავიგეთ – მისი კანდიდატობა ივანიშვილის ინიციატივა იყო, სხვა შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტის რიგითი წევრი” – კობახიძე

ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო.