ვისურვებდი 2017-ში სასწაული ყველასთვის ახდენილიყოს, თორემ უამრავი ოჯახი მშიერი ხვდება ახალ წელს!

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, გადავწყვიტეთ ამ წელში ყველა რუბრიკისთვის მხოლოდ თითო მასალა დავწეროთ და მერე მთელი ჩვენი საინფორმაციო სივრცე მხოლოდ პოზიტივს მივუძღვნათ, მხოლოდ დადებითი გავავრცელოთ და მთელ ქვეყანას დადებითი მუხტის დაბედება ვუსურვოთ.

ბევრი ვიფიქრეთ ვისთან ჩაგვეწერა ამ წლის ბოლო ინტერვიუ და ბოლოს არჩევანი ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ, ამ წელს ყველაზე აქტიურ,  უამრავი აქციის მომწყობ და მედია-ბაზარზე სიახლის შემქმნელზე შევაჩერეთ.  მეორე მიზეზი იყო ის, რომ სწორედ ეს ადამიანი გვეხმარებოდა მთელი წელი და სააგენტოში აჭარაზე შემოსული წერილების გადამოწმებაში გვეხმარებოდა, თუ რაიმე სასწრაფო ხდებოდა არც ქარს უშინდებოდა, არც წვიმას და შუა რამესაც კი გასულა იმ ადგილას, რომელზეც ინფორმაცია მიგვიწოდებია.

მაშ ასე, 2016 წლის ბოლო ინტერვიუს რესპოდენტია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”-ს ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე.

მერაბ ღოღობერიძე-პირველი, რაც მისი სახელის გაგონებაზე გვახსენდება კვერცხის, პომიდორის, ფეხსაცმლის სროლაა, სხვათაშორის იშვიათად აცილებს სამიზნეს. ამის გამო ხშირად იპყრობს მედიისა და სამართალდამცავების ყურადღებას.

უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო სექტორიდან ებრძვის იმას, რაც უსამართლობად მიაჩნია… მან 5 თვის წინ საინფორმაციო სააგენტო, რეგიონის ახალი ამბები – REGNEWS.GE  შეიძინა და ახლა უკვე, ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვის.

პარალელურად, დააფუძნა “აჭარანიუსი”. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რეგიონის ახალი ამბები, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ამბებს მოიცავს, “აჭარანიუსი” კი მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენებით შემოიფარგლება.

ღოღობერიძის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი” უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია, თუმცა, ამ ბოლო დროს სწორედ ამ პარტიის საყვარელ გამოთქმას – “დაპაუზებული ბათუმი” ხშირად იყენებს.

პირველი ფრაზა, რაც დაკავშირების დროს გვითხრა – უამრავი ოჯახი მშიერი შეხვდება ახალ წელს, რაც ხელისუფლების სირცხვილია!

-მერაბ, რატომ გადაწყვიტეთ მედიასივრცეში ძალების მოსინჯვა?

-მართალია უამრავი მედიასაშუალება არსებობს, მაგრამ, ასევე არის თემები, რომლებიც არ შუქდება. ხდება ისეც, რომ, შეიძლება ინფორმაციას მნიშვნელოვნად თვლიდეს რომელიმე ორგანიზაცია, თუმცა, მედია ფიქრობს, რომ თემა საინტერესო არაა. ამდენად, რეგიონის ახალი ამბები, ნებისმიერ ადამიანს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი ტიპის განცხადება, თუ რათქმაუნდა ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის არ იქნება, მოვიდეს ჩვენთან და გააკეთოს. მართალია ბათუმში არის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი”, მაგრამ რაღაც შეზღუდვები იქაც არის. მას შემდეგ, რაც ჩართულობაში შესვლა ამეკრძალა, (დეპუტატ პეტრე ზამბახიძეზე კვერცხის სროლის გამო) ვფიქრობდი დამეარსებინა ახალი სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” თვლის რომ დემოკრატია, “დემოკრატულად” მომიჯახუნა კარი და გამოხატვის თავისუფლება შემიზღუდა. ამიტომ, აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის, სულ მალე, ბათუმში ახალი სივრცე გაიხსნება. ჩემი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, კვირაში ერთხელ მათაც მივცემ საშუალებას, იმ სივრციდან განცხადება გააკეთოს და არა ყოველდღიურად აპელირებდეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ – აი ეს შეზღუდვა მეც მექნება.

-ორივე სააგენტოს ხელმძღვანელიც თავად იქნები?

-დამფუძნებელი კი ვარ, მაგრამ, ორივე სააგენტოს ხელმძღვანელი არ ვიქნები. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ რაკი ახალი დაწყებული გვაქვს ეს საქმე, შეიძლება სააგენტო ბოლომდე გამართული არ არის. დასაწყისში ყველას მოსდის შეცდომა და მეც არ ვიქნები გამონაკლისი, ამდენად, თუ საჭირო იქნება, ბოდიშსაც მოვიხდი. რეგიონის ახალი ამბები, ვიდრე მე შევიძენდი, ორი წელია არსებობდა.

-ვინ გაფინანსებთ? საკმაოდ კომფორტული გარემო გაქვთ და არამგონია ეს სიამოვნება იაფი ჯდებოდეს.

-დიახ, ჩემი ბიზნესმენი მეგობრების დახმარებით ვახერხებ, რომ ასეთი კომფორტის შესამაბისი გადასახადები გადავიხადო. მაგრამ, ვერავინ იტყვის, რომ მიუხედავად კონკრეტულ ადამიანებთან ან კომპანიებთან მეგობრობისა,  სხვა დაგვეკნინებია. მეგობრობა ერთია, მაგრამ, ამის მიუხედავად, თუ ჩვენი დამფინანსებლები შეცდომებს დაუშვებენ, თვალს არ დავხუჭავთ და სათქმელსაც ხმამაღლა ვიტყვით.

-ისე, ამ ბოლო დროს აღარ აქტიურობ კვერცხისა და პომიდორის  სროლით… ფასების ზრდამ იმოქმედა თუ ფიქრობ, რომ გასაპროტესტებელი აღარაფერია?

-თემა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ნაწილობრივ მაინც არის წარმოდენილი, ამოწურულია,  ქვეყანას უკვე მართავს “ქართული ოცნება”, ამდენად, რაღაცების სროლის ფორმასაც თავი დავანებე. თუმცა, მალე დავაარსებ მოძრაობას სახელწოდებით – “დროა” საზოგადოებას სიმართლეს ვეტყვით იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

-და რისი “დროა”?

-დროა სამართლიანობის აღდგენის და გადაწყვეტილებების მიღების. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს ჰყავს აქტიური მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, იგი  რადიკალურ ნაბიჯებს მაინც ვერ დგამს. მას დღემდე ის გარემოცვა ჰყავს, რომელმაც მისი წინამორბედი დაღუპა. მთავრობის აპარატისა და სამინისტროების მართვას თუ ისევ პოლიციური აზროვნების ადამიანები გააგრძელებენ,, მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარე ვერ შეძლებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. სამწუხაროდ, ამაზე არავინ იღებს  ხმას.

-მაინც ვინ არიან ეს პოლიციურად მოაზროვნე ადამიანები?

-აჭარის მთავრობაში უნდა იყოს პროფესიონალები. როცა ბატონი ზურაბი მოვიდა ხელისუფლებაში, საზოგადოება ფიქრობდა, რომ გვერდით მასსავით აქტიური ადამიანები გამოჩნდებოდნენ და სწორ, სამართლიან, დროულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. პირველ რიგში, რაზეც გული შემტკივა, ეს “ოცნების ქალაქია”, რომელზეც სამწუხაროდ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მქონდა საუბარი, რომ იქ დასახლებულ ადამიანებთან მისულიყვნენ. არადა, ვიდრე დეპუტატები გახდებოდნენ, სხვანაიარად ფიქრობდნენ, დღეს ვხედავთ, რომ დეპუტატები ვერ მიდიან თავიანთ ამომრჩეველთან.

-ჯერ ახალი დაწყებული აქვთ საქმიანობა და ნაადრევად არ გეჩვენებათ ამომრჩეველთან არმისვლის საკითხი?

-მე თუ ვფიქრობ, დეპუტატი რომ ვყოფილიყავი, პირველ რიგში “ოცნების ქალაქში” მივიდოდი, ისინი რატომ არ ფიქრობენ ასე? ამბობენ, რომ იქ შესახლებულთაგან ბევრს არ სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ჭლების წინ, მეც სამწუხაროდ ასე ვფიქრობდი. მაგრამ, რეალობა სხვაგვარია. არჩილ ხაბაძის დროს სამთავრობო კომისიამ თქვა, რომ იქ მაცხოვრებელთა 30 პროცენტს დახმარება ესაჭიროება, მაგრამ 4 წელი ისე გავიდა, არავინ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და იმ ადამიანებს არავინ დაეხმარა. ახალი მთავრობის თავმჯდომარე ამ დრომდე უნდა მისულიყო იქ და ენახა რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ბავშვები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, მარტოხელები და სხვა. შამწუხაროდ, ბატონ ზურაბს სწორედ მისი გარემოცვა არ აძლევს ამის საშუალებას.

-“ნაციონალური მოძრაობისადმი” თქვენი დამოკიდებულება ცნობილია, თუმცა, ამ ბოლო დროს ხშირად იყენებთ ხოლმე მათ საყვარელ ფრაზას – “დაპაუზებული ბათუმი…”

-“ნაციონალური მოძრაობას” ამის თქმის მორალური უფლება არ ჰქონდა. ყველამ კარგად ვიცით, თუ მათთან საქმე  არ ჰქონდათ მოგვარებული, ვერავინ ვერაფერს ააშენებდა… მაგრამ, დღეს ხომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ? ვიცი, რომ დღეს 150 განცხადება დევს მთავრობაში, მაგრამ სამწუხაროდ, განხილვის პროცესშიაო, მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლებიან. უამრავი ბიზნესმენი მეგობარი მყავს, მათ შორის უცხოელიც, რომლებიცმშენებლობის ნებართვას ვერ იღებენ.  ის, რომ ძველი ბათუმში არ უნდა მოხდეს შეჭრა, ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა, მესმის.  მაგრამ როცა ერთი კომპანია აშენებს 35 სართულს და იქვე მეორეს 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ, უარის მიზეზიც უნდა თქვან. წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა უკანონობაო – გაიძახიან. თუ ვიღაცამ კორუფცია ჩაიდინა და ეს იცის მთავრობის აპარატმა, ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უნდა გადასცენ და დაუსრულებლად არ უნდა საუბრობდნენ ლობისტურ ჯგუფებზე, თუ ვინ იდგა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის და ვინ ნახა სარგებელი – ეს არასწორი მიდგომაა. ევროპაშიც არის  ლობისტური ჯგუფები, რომლებთაც  ბიზნესმენები უკვეთავენ სანბართვო დოკუმენტაციის მოწესრიგებას. იყოს ბატონო ჩვენთანაც შუამავლები, ეს ხელისშემშლელი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან, თუ ეკუთცნის მშენებლობის ნებართვა, უნდა მისცე. და თუ ვიღაცა ბიზნესმენს არასწორად ძალავს ფულს. ამაზე ზედაპირულად არ უნდა ისაუბრონ, შესაბამის სამსახურებს უნდა მიმართონ. ამიტომაც ვამბობ, რომ ბათუმი დაპაუზებულია. თუნდაც იმ  150 განცხადებიდან 50 ხომ შეიძლება რეალური იყოს და მიეცეს მშენებლობის დაწყების საშუალება. აქედან კი ათასობით ადამიანი მიიღებს სარგებელს, შემოსავალს. ქარხანა-ფაბრიკები ჩვენ არ გვაქვს და დასაქმების პრობლემის გადაჭრაც მშენებლობაზე მოდის. ამიტომაც, დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ და სწორედ “დროა” საჯაროდ გამოიტანს სიმართლეს…

-მერაბ, ხშირად ქველმოქმედებასაც ეწევი, რამდენად იოლია დაითანხმო ბიზნესმენი სიკეთის კეთებაზე?

-დღეს ბათუმში მართლაც რთულა ბიზნესმენი ქველმოქმედებაზე დაითანხმო. არადა, წინა წლებთან შედარებით, მათ თავისუფალ გარემოში უწევთ საქმიანობა და არც არავინ სძალავთ ფულს. სამწუხაროდ, მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასულები და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან. დედაქალაქში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

საახალწლოდ “ოცნების ქალაქში” მცხოვრები ბავშვები მინდა ცოტათი მაინც გავახარო. ამაში ქალთა საქველმოქმედო ფონდი “ვიქტორია” რომლის ხელმძღვანელიც ვიქტორია მიქავა გახლავთ, დაგვეხმარება.

-ახლახან, სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელე, სადაც თვალნათლივ ჩანდა, რომ პურში სიგარეტი აღმოაჩინე…

-ბედი არ გინდა? 2000 პურიდან სიგარეტიანი მე შემხვდა (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ საცხობის მეპატრონეს ბოდიშის მოხდაც კი არ უნდოდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ობიექტი დააჯარიმა. შიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კი, ორი პირი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს.

-ისე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თქვენთვის უცხო არაა, მაინც რა თანხა გაქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი?

-ჯამში 15 ათასი ლარი. ჯარიმებში გადახდილი თანხის ვალი დღემდე მომყვება, არადა ამბობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ ჩემს უკან და ისინი მიხდიდნენ თანხებს…

-როგორი იყო 2016 და რას ელით ახალი, 2017 წლისგან?

-ძალიან ცუდი წელი იყო, თუნდაც ამ საახალწლოდ რა ხდება. გამოვიდნენ ჩინოვნიკები და ნახონ რა დღეში არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები. უამრავი ოჯახი მშიერი შეხვდება ახალ წელს, რაც ხელისუფლების სირცხვილია. ერთჯერადი დახმარება საკმარისი არაა, ამით მხოლოდ ერთსაათიანი ბედნიერება შეიძლება მოუტანონ ადამიანებს. …

-მერაბ, მალე ახალი წელი დადგება, ნუ დავამძიმებთ მკითხველს და მოდი, პოზიტიურად დავასრულოთ-მიულოცე საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი.

-კი, პოზიტივი და ცვლილებები ნამდვილად გვჭირდება. ვიცე-პრემიერმა სასწაულები ხდებაო, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ის საჩუქრებს არიგებდა და უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან, მაგრამ სწორედ მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო ისევ თბილისის ქუჩებიდან.

-მერაბ, მხოლოდ პოზიტივი და მილოცვა.

-სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვისურვებდი ამ წელს სასწაული ყველასთვის ახდენილიყოს, გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა, დალაგებულიყოს და ცრემლიანი თვალები აღარ გვენახოს. ყველას სიკეთეს, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას გისურვებთ.

კომენტარის დატოვება