,,დამოკიდებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია – თუ ვინმე ფიქრობს, რომ მას სანქციების დაწესება შეაშინებს, არავის არაფერი გამოუვა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, არასერიოზულია მუქარა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე.

„რეზოლუციის ტექსტის თითოეული სიტყვა სამარცხვინოა, რომ გვეუბნებიან, თითქოს ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გააკეთებს: ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატო-ს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო და ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია.

თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესების შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, რომ ამას ტყუილად ცდილობენ და არავის არაფერი გამოუვა.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე, ჩემი აზრით, რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნისთვის იმ ბოროტების მოცილება, ქვეყნის იმ მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით იყო წარმოდგენილი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.