მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა და ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ამ ქვეყანაში აღარაფერი იქნებოდა – პრემიერი

მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა და გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიეღო, მოესმინა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ჩართვას ომში, დღეს ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აღარაფერი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც დაზარალდებოდნენ.

„წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა, მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში, ვინმეს აქვს ილუზია, რომ დღეს ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აღარაფერი იქნებოდა? მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტა გამყარებულია და ეს ტენდეცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ახლა ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს. რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები, როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ იქ, რა ბედი ელით. აღარ ვსაუბრობ იმაზე, 4 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ.

ასევე მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ რაღაც გარკვეული რეზოლუციების გამო, ეს იყო რძესთან და ყველთან დაკავშირებით. ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მე ამ კითხვებს ღიად ვსვამთ და ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.