ეს არის სამართლებრივი პროცესი, ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ

დავით გარეჯთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მკაფიო, ეს არის ზეპარტიული საკითხი, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ახლადაღმოჩენილი რუკების ფაქტობრივი მასალა, რომელიც საქართველოს უკეთეს და სამართლიან პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ შემდგომო მოლაპარაკების პროცესში აზერბაიჯანთან და შევძლოთ ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურად დაცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ამას პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ვინაიდან ეს არის ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა, ეს აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ასეთი ორკესტრირებული რეაქციები, რატომ იმართლებენ ისინი თავს იმ საკითხზე, რაც არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგის მქონე. ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ დავით გარეჯი, თავისი სამონასტრო მთლიანი კომპლექსით, იყოს დაცული თავის სამართლიან საზღვრებში“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ.