ირაკლი კობახიძე – სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება გარკვეულწილად გულდასაწყვეტია, თუმცა გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული

სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება გარკვეულწილად გულდასაწყვეტია, თუმცა გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა და მოხარულია, რომ ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შესთავაზა ქვეყანას.

„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე 4 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, უკრაინაზე 3 და მოლდოვაზე 2 წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და მოლდოვაზე 3 წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ანალოგიურად, საქართველომ უკრაინაზე 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების შესახებ, თუმცა, უკრაინაზე 1 წლით ადრე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც , რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მით უმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 ათას დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული.

დასასრულს, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, პარლამენტარებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა განაცხადის მომზადებასა და ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე მის ადვოკატირებაში. ასევე, მადლობას ვუხდით ევროკავშირის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს საკითხს გულდასმით გაეცნო და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა.

დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.