დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, თუმცა მიზნები კეთილშობილურია და წარმატებებს ვუსურვებთ – იაგო ხვიჩია

„გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს რა არის ევროპა და რის გაკეთებას გეგმავს და ამის შემდეგ თუ აქციამდე მივა საქმე, წასვლა არავის ეზარება.

“მე უკვე ვიყავი აქციაზე, 18- ში გვქონდა აქცია, სადაც დასავლეთზე დავიწყეთ საუბარი ჩვენს ამომრჩევლებთან. დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან არ მჯერა ამ აქციის ასეთი ფორმით ჩატარების. თუმცა, მიზნები კეთილშობილურია და წარმატებებს ვუსურვებთ.

მე არ მჯერა, რომ ევროპის აქცია უნდა ჩაატარო ისე, რომ შენ თვითონ არ გესმოდეს რა არის ევროპა, სანამ ამაზე არ შევთანხმებულვართ, ერთმანეთთან არ გაგვივლია, ხალხის შეწუხებას აქციაზე გამოსაყვანად ჩემი აზრით, აზრი არ აქვს, რადგან არ ვიცით რას ვაკეთებთ, რა გვინდა და ამაზე შეთანხმების ადგილი, ჩემი აზრით აქციაზე არ არის. ამაზე შეთანხმება სხვაგან იწყება და თუ აქციამდე მივა საქმე, აქციაზე გასვლისაც არავის ეშინია და არავის ეზარება,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.