“ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით – კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც” – ალეკო ელისაშვილი

ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ ევროპასაც და ხელისუფლებასაც, რომ არ გვინდა ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის აზრით, ახლა ოპოზიციის ამოცანაა, ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული, 12 პუნქტისგან შემდგარი პირობები შეასრულებინოს და ძალისხმევა სწორედ აქეთკენ მიმართოს.

“ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით. ამიტომ, იმიტომ, ეს ასეა, ის ისეა. – ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? – შევუერთდეთ რუსეთს?! ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ! კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო – კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. დაკარგული არაფერი არ არის – ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.