,,უსამართლოა, მაგრამ გვესმის” – ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსამართლოა.

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაცია უსამართლოა, თუმცა ეს მთავრობას კარგად ესმის.

„უსამართლოა, მაგრამ გვესმის. ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია.

ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენ რეფორმებს ყველაფერს დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა საქართველოს იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რატომ? იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტული შედეგები აწარმოვა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი ერის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.