“არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს.

“დიდი ბოდიში, რა გიპასუხოთ, აბა? ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი. გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე? არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გადადგეს, ქართველ ხალხს მიმართოს, გადადგეს და მოსახლოებას მისცეს შანსი, პრეზიდენტი კიდევ ხუთი წლით, 2022 წლამდე ვადით აირჩიოს.

-“თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, -კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი-ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, -არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, “ოცნებამ” შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი-და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში.

კომენტარის დატოვება