ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების საკითხად და არა გაერთიანების საკითხად – შალვა პაპუაშვილი

„ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების და არა გაერთიანების საკითხად, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში და ამ თემაში ეძებონ განხეთქილება, უნდა მოძებნონ საერთო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მთავარი რადიკალური დღის წესრიგის უარყოფაა.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩვენ, უკრაინა და მოლდოვას გაგვიხსნა განაცხადის შეტანის შესაძლებლობა და ეს პროცესები დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების საკითხად და არა გაერთიანების საკითხად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში და ამ თემაში ეძებონ განხეთქილება, უნდა მოძებნონ საერთო. საერთო ნიშნავს შემდეგს, რომ საქართველომ ახლა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ევროკავშირისგან, მას გაეხსნა ევროკავშირის პერსპექტივა. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ამაზე წლების წინ მიდიოდა მუშაობა, მაშინ, სამწუხაროდ, ეს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებაშიც ვერ ჩაიწერა, მაგრამ ახლა ამ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და რუსეთის აგრესიამ გახადა შესაძლებელი, რომ სამივე ქვეყნის მიმართ მოხდა ამ პერსპექტივის აღიარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯებია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართულებით მუშაობა.

„შემდეგი ნაბიჯები სწორედ ის არის, რომ იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული, ამ პრიორიტეტების მიმართულებით იმუშაოს პარლამენტმა. ამ საქმის გარკვეული ნაწილი პარლამენტის განსახორციელებელია. ნაწილზე უკვე მიდის მუშაობა. ამიტომ, არაერთხელ ვთქვით, რომ ამ საკითხების უმეტესობა, თუ არ ჩავთვლით დეპოლარიზაციის საკითხს, არის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი. ამ დღეებში, ბრიუსელში ჩატარდა სხდომა, სადაც ჩემი კაბინეტიც იყო წარმოდგენილი და სადაც ამ საკითხების განხორციელების გრაფიკი განისაზღვრა. მაშინ, როდესაც აქ ხანდახან მიდის უსაფუძვლო ისტერია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ვათანხმებთ იმ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ეს სხვადასხვა რეფორმა იქნება თუ სტრუქტურული დაახლოება, უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password