„დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს სიბინძურეებს უყვებოდა, რასაც შემდეგ ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა – მოვიდა ირაკლი და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო“ – გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძეზე

ოპოზიციონერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კობახიძე ბიძინა ივანიშვილს თანაგუნდელებზე „რაღაცებს უყვებოდა“.

„კარგავენ თავიანთ ამომრჩევლებს. იმ ხალხს, რომლებმაც შექმნა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი. მათთვის პრინციპული არის, რომ ყველა, ვინც ვიყავით 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემოქმედები, ყველა გაგვაიგივონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ყოფილა მისი მხრიდან თავდასხმები ჩვენთან მიმართებით, მაგრამ არა პირდაპირ. დადიოდა და ბიძინა ივანიშვილს სიბინძურეებს უყვებოდა, რასაც შემდეგ ბიძინა ჩვენ გვიზიარებდა – მოვიდა ირაკლი და თქვენზე ცუდი რაღაცები მომიყვაო. ამის იქით მისი საქმიანობა არ მიდიოდა“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.