ნუკრი ქანთარია: „ეს დღე თავად ევროკავშირისთვისაც ისტორიულია“

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეხმიანება და ყველას ულოცავს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას. დეპუტატის თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოვებს ევროპულ ოჯახთან, რაც დადებითად აისახება ქვეყნის მომავალზე.

-„ჩვენი ევროპელი კოლეგები დარწმუნდნენ, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით, მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ევროპარლამენტის მხარდაჭერა, რაც ხალხის და მთავრობის აქტიური შრომისა და მონდომების შედეგია. მთავრობამ არაერთი რეფორმა გაატარა ამ შედეგის მისაღწევად. რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ პატივს ვცემთ ევროპულ ღირებულებებს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ევროპისთვის პარტნიორები გავხდით და ჩვენი მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება, უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს გარკვეულ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან ევროკავშირი საქართველოს სახით პარტნიორს იძენს, ამიტომ ეს დღე თავად ევროკავშირისთვისაც ისტორიულია“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

 

კომენტარის დატოვება