პარლამენტის წევრების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დღეს დასრულდება

საქართველოს დელეგაცია, რომელიც  დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს, სამდღიან ვიზიტს დღეს დაასრულებს.

ვიზიტი, რომლის მიზანია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება, ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით გაეროსა და ევროკავშირის საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, პარლამენტის  საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი თათია ხეთაგური და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოღლისთან, უცხოეთთან ურთიერთობის, საჯარო ანგარიშებისა და მართლმსაჯულების კომიტეტების, ასევე, ფინანსური ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებთან.

დღეს, დელეგაციის წევრები აუდიტის სამსახურის საქმიანობას და საჯარო ანგარიშების კომიტეტთან მის თანამშრომლობას გაეცნობიან.

 

კომენტარის დატოვება