“ახლა დროს ოქროს ფასი აქვს, არა მგონია ნატომ უარი გვითხრას სამუშაო შეხვედრების გამართვაზე”

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

-“რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იყო ამ დღეში.

1. ნატოს 2017 წლის ბრიუსელის სამიტში ჩვენი მონაწილეობის საკითხი. საეროდ თავდაცვის სამინისტროს თემაზე საუბარი აღარც კი მსურს, მაგრამ რაღამც გეოპოლიტიკას და საგარეო კურსს ეხება, მცირე კომენტარს გავაკეთებ.

ნატოს ძალიან გაუგრძელდა დახურული სამიტები. თუ ნატოს წევრ ქვეყნებს ადარდებთ ნატო-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობები, ჩვენც გვადარდებს. ნატოს მხრიდან არაპარტნიორულია ასე ჩაკეტვა. თუ გაფართოებასთან დაკავშირებით რაიმეს ცვლიან, ჩვენც გვითხრან. შიგნიდან კარის ჩაკეტვას, სჯობია ჩვენ დავხუროთ გარედან.

რა თქმა უნდა ვუტრირებ, მაგრამ…

აუცილებლად მიმაჩნია თავდაცვის მინისტრის ჩასვლა ბრიუსელში ორმხრივი კონსულტაციების გასამართად. ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს და კოლეგებთან დროულად შეათანხმოს საორგანიზაციო საკითხები.

ის, რომ სამიტი ბრიუსელში ტარდება, მომგებიანია, რადგან ნატოს შტაბბინა ასეთი სწრაფი და ხანმოკლე კონსულტაციების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

დარწმუნებული ვარ, როგორც წევრ ქვეყნებს სჭირდება ვითარების შეფასება და პროგნოზირება, ისევე გვჭირდება ჩვენც, თუმცა, ჩვენ ორმაგად, ვიდრე მათ. რატომ? მგონი ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს.

მოკლედ, ბრიუსელში ჩასვლით და ინტენსიური კონსულტაციებით ორ დღეში რა ინფორმაციებსაც მივიღებთ, ერთი წელი არ გვეყოფა იგივე სამუშაოს შესასრულებლად. ახლა კი დროს ოქროს ფასი აქვს. არა მგონია ნატომ უარი გვითხრას სამუშაო შეხვედრების გამართვაზე.

2. მაკეინის ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი წავიკითხე. ადრე დავწერე, როცა ქერის და სტოლტენბერგის ვიზიტების შემდეგ იგივეს წერდნენ.

განვმეორდები: რუსთავი2-ის, ან სხვა ცალკეული საკითხების გამო ასეთი მძიმე არტილერია სპეციალურ ვიზიტებს არ ახორციელებენ. მაგისთვის არსებობს ტელეფონი, ან ელჩი ადგილზე.

ისე, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და უნდა გვიტყდებოდეს თუ ჩვენს ხელისუფლებას ვინმე ყურს უწევს.

ამერიკელი სენატორები მხოლოდ საქართველოში არ ყოფილან. მათ ტურნეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაცილებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

ჩემი ვარაუდით აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონსულტაციებს მართავდნენ და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო, ასევე შემდგომი განცხადებების ფონზე, საკუთარი პარტიის პოზიციებს აცნობდნენ.

ის რომ სენატორ მაკეინს და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს რუსეთთან განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ, ყველასათვის ცნობილია.

ამერიკელი სენატორები, დიდი ალბათობით, იმის გარკვევასაც შეეცდებოდნენ, თუ რა განწყობებია აღმოსავლეთ ევროპაში და იმის დამტკიცებასაც, რესპუბლიკელთა დამოკიდებულება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ურყევია.

ეს ვიზიტი, ასევე, კიდევ ერთი ინდიკატორია იმისი, რომ ახლო აღმოსავლეთს გარდა, კიდევ ერთი სიმძიმის ცენტრი შესაძლოა კავკასიაში ან აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნას.

3. დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრა სპეცსამსახურებთან, რომელზეც მისთვის რუსეთის ჰაკერული შეტევების საკითხი უნდა განხილულიყო, ერთი კვირით გადაიდო.

ამ თემის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაცია ზიანს აყენებს საკუთარ სახელმწიფოს. ამაზე მეტად ა ღარ ჩავუღრმავდები. შეხვედრის გადადებას კი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე (იხ. ფოტო) გამოეხმაურა.

4. დღეს მოლდოვას და დნესტრისპირეთის ლიდერები ბოლო 8 წლის მანძილზე პირველად შეხვდნენ. საინტერესოა როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, რამდენად ჩაერთვება დასავლეთი, თუ მთლიანად რუსეთის პატრონაჟით წარიმართება, რას შესთავაზებენ მხარეები ერთმანეთს?

5. ბოლოს კი კურიოზი. ახალი ინფორმაცია გავრცელდა ესტონელი ტურისტის შესახებ, რომელსაც ყვავმა რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე პასპორტი მოჰპარა.

თურმე ესტონეთის მოქალაქის პასპორტი იპოვეს, თუმცა ის უკვე ძალადაკარგულად ითვლება. როგორც გაცხადდა, ყვავს პასპორტიდან ერთი ფურცელი ამოუხევია. რას გაარკვევ ახლა ყვავმა ამოხია, თუ ყვავის პატრონმა?

კომენტარის დატოვება