საზოგადოება

„TV 25” დახურვის საფრთხის წინაშეა

„TV 25” დახურვის საფრთხის წინაშეააჭარის რეგიონულ ტელევიზიაში მძიმე ფინანსური კრიზისია. კრიტიკული მედიის მენეჯერები რთული ვითარების გამწვავების მიზეზებზე საუბრობენ.

მათი თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ეხება.

ტვ 25 აჭარაში  არსებობის  29 წლიან ისტორიას ითვლის. რეგიონის მთავარი არხის ისტორია ქვეყნისთვის ერთერთი ყველაზე რთული პერიოდიდან, 1993 წლიდან იწყება. კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო  პოლიტიკის გამო, მაუწყებელი, მუდმივად იყო სხვადასხვა ხელისუფლებების სამიზნე და არაერთხელ ყოფილა ტვ25-ის დახურვის მცდელობაც. ამის მიუხედავად, მაუწყებელმა პრობლემები გადალახა და დღემდე, ისევ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ კონტენტს ქმნის.

თუმცა, ამჯერად, ობიექტური მედიის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე რამდენიმე გარემოებამ დააყენა. ყველა მათგანი კი ფინანსურ კრიზისამდე მიდის. ერთერთი უმთავრესი ფაქტორი ხელისუფლების იგნორი და კრიტიკული აზრის მიმართ ირონიული რიტორიკაა. ამას ემატება აზრტული თამაშების რეკლამირებაზე დაწესებული აკრძალვები, რამაც კომერციულ მაუწყებლებს დიდი დარტყმა მიაყენა.

ტელევიზიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამოეცალა ფინანსური რესურსი და წაერთვა შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ამ ფონზე, კი, აზარტული თამაშების რეკლამირება შეუზღუდავად გრძელდება ქუჩაში, რაც ამყარებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყო გათვლილი” – ნათქვამია განცხადებაში