ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მოქალაქეობის შეჩერების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროში წერილი შეიტანეს.

,,პროგრესული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიორგი კვაბზირიძემ და უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მოქალაქეობის შეჩერების მოთხოვნით იუსტიციის მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრს 1 კვირიანი ვადა აქვს, რომ შეასრულოს ეს მოთხოვნები წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ შეწყდეს რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლება და მოქალაქეობის მინიჭება. იმ შემთხვევაში თუ ბატონი ბრეგაძე არ შეწყვეტს ამ მოქმედებას და მაინც განახორციელებს რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის გაცემის უფლებას და მოქალაქეობის მინიჭებას, ჩვენ აუცილებლად გავმართავთ აქციებს. მათი ეს მოქმედება, როგორც დღეს ხელისუფლება იქცევა არის ანტისახელმწიფოებრივი და ამისთვის აუცილებელია, რომ ხალხი ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ და ამ სიბოროტეს და ვერაგობას შევებრძოლოთ, რასაც ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებს“ – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის სახელზე შეტანილი წერილის მეორე ავტორი „პროგრესული საქართველოს“ გენერალური მდივანია, როგორც გიორგი კვაბზირიძე ამბობს „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებით ქვეყანას რეალური ომის წინაშე აგდებს

„მოვისმინეთ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ ის დაიცავს თავის მოქალაქეებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში – ეს პირდაპირი მუქარა იყო საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველას ირგვლივ აბრალებდა, რომ ომის დაწყება უნდოდათ აღმოჩნდა, რომ მათი ქმედებები არის განმაპირობებელი იმისა, რომ დღეს საქართველომ რეალურად მიიღო ომის პირდაპირი მუქარა. შესაბამისად მოთხოვნა იმისი, რომ რუსეთის მოქალაქეებზე შეწყდეს ბინადრობის და მოქალაქეობის გაცემა არის ლეგიტიმური, ამ მოთხოვნას ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და 1 კვირის ვადაში თუ ხელისუფლება არ გადადგავს ქმედით ნაბიჯებს ჩვენი ქმედებები საზოგადოებასთან ერთად იქნება შესაბამისი“ – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.