ევროპის საბჭომ ე.წ ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა .. ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) გადაწყვეტილება მიიღო” – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ევროპის საბჭომ სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირა საქართველოს და რუსეთს მოუწოდა დაასრულოს განგრძობადი ოკუპაცია.

საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ მხარეს და ხაზი გაუსვა დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას. მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი (.. განგრძობადი ოკუპაცია) და აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა მსგავსი დარღვევები.

კომიტეტმა, აგრეთვე, გამოთქვა ღრმა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით” ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.