„ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი” – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

“ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, “ქართული ოცნების” კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”? – მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით “ქართული ოცნება” და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.
უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ “ჭეშმარიტებას” გავიმეორებთ: “უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!” – წერს ნიკა გვარამია.