დღეს პარლამენტის ბიუროს სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ”, „ლელომ” და „რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს. „ევროპელმა სოციალისტებმა” ორი კანდიდატი თინათინ ერქვანია და ლელა გაფრინდაშვილი დაასახელეს. პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მმართველ გუნდს, სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. „ოცნებაში” ამბობენ, რომ მათი მხრიდან კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მიუკერძოებლობა და კომპეტენცია იქნება.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.