დაკავებულია პირი, რომელიც 10 წლის ბავშვს ემუქრებოდა – შსს

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, 25 ოქტომბერს არსრულწლოვანს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, მისთვის ბინის კარი გაეღო.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს” – წერია განცხადებაში