კადრების გასაჯაროების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პირველ წერილს ავრცელებს – რას წერს მესამე პრეზიდენტი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ მისი დამონტაჟებული კადრების გავრცელების შემდეგ, პირველ წერილს ავრცელებს.

მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით.

„გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?
ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდოს.
რაც შემეხება მე, შეგიძლიათ, განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ” – წერს მესამე პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა ღირსების შელახვის მიზნით, გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდს ასახავს.

კადრებში ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტს პერიოდულად ჰაერის უკმარისობა აქვს, დასუსტებულია, უჭირს გადაადგილება და მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.