„თუ გავაგრძელებ სააკაშვილზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში არ შემომიშვებენ” – პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი „ოცნებას” ამხელს

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა, მალგოჟეტა გოშევსკამ „ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოზიციის გამო, მას „ოცნება” საქართველოში არ შემოშვებით ემუქრება:

„მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს.

ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები.

როგორც ვიცი ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.” – აცხადებს გოშევსკა.