„ფილტრის ჯგუფი ვერ გავიარე…” | ვინ არის პარლამენტარი, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში დარეგისტრირდა

„ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, „გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა. ინფორმაცია  TV პირველს თავად დეპუტატმა დაუდასტურა.

მეგრელიშვილის თქმით, მან ექსპერიმენტი ჩაატარა, რადგან აინტერესებდა, ყალბდებოდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები, თუმცა ის ფილტრის ჯგუფმა ამოაგდო.

„ვცადე დარეგისტრირება, თუმცა ვერ შევძელი. ფილტრის ჯგუფი ვერ გავიარე. მაინტერესებდა, რამდენად შეიძლება არჩევნების გაყალბება ნაციონალურ მოძრაობაში. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე” – თქვა მან. 

„ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხმის მისაცემად დარეგისტრირებულები იყვნენ სხვა პარტიის დეპუტატებიც.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 50 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. რეგისტრირებული პირების გაფილტვრა, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე მოხდა, რის შემდეგაც სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს.