ვინ არის ქალი, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა შეუკვეთა | ახალი დეტალები

ქალი, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა შეუკვეთა, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ვალენტინა საყვარელიძეა – ამის შესახებ ინფორმაციას Front News ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ვალენტინა საყვარელიძის მკვლელობას მისი შვილიშვილი გეგმავდა და მას ამ საქმისთვის დაქირავებული პირისთვის 150 000 დოლარი უნდა გადაეხადა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის – 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის “კ“ და “ნ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.