„გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვენი თანამშრომელია“ – გომელაურის პირველი კომენტარი ტერაქტის შემდეგ

„გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ჩვენი თანამშრომელია”, – შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ. მინდა, რომ მივუსამძიმრო ოჯახებს. 5 ადამიანი გარდაცვლილია, 5-დან ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი. ერთ-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება და ექიმები ვერ გვეუბნებიან რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერ გადარჩება. ღმერთმა ქნას, გადარჩეს…

შემთხვევა, ვერ ვხსნით ვერავინ რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან. იმყოფებოდა მისი შვილი სახლში. სრულწლოვანია ის ბავშვიც. დაიწყო ერთი მხრიდან სროლა აივნის, მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა. ამ ბავშვმა დატოვა მერე სახლი. გამოვიდა შვილი. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გახსნა ცეცხლი მეორე მხრიდან რა დროსაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელიც. ეს ვიცით ჯერჯერობით”, – განაცხადა გომელაურმა.