დღეს მინსკში კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

დღეს მინსკში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის  ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

კახი კალაძემ ამავე საკითხზე შეხვედრა გასულ წელსაც გამართა. როგორც მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ბუნებრივი აირის გატარების საფასურს საქართველო დღეს ბუნებრივი აირის სახით იღებს, მთლიანი მოცულობის 10%-ს. რუსული მხარის წინადადება კი, რომელიც  ფინანსურ ანაზღაურებას გულისხმობს, მიუღებელია.

“ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება რომელიც უკვე წლებია, არსებობს. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შინაარს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. ბუნებრივი აირის გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ, მთლიანი მოცულობის 10%-ს. თუმცა, ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს. გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიღებული არ ყოფილა, უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. საკმაოდ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე”,- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარის დატოვება