დავით კეზერაშვილის საქმეზე მომდევნო პროცესი 16 თებერვალს გაიმართება

ტელეკომპანია „ფორმულას” დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობები განიხილეს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

თუ სააპელაციო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, „ფორმულას” შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კეზერაშვილის საქმის განხილვას, „ფორმულაზე” ზეწოლის მცდელობად აფასებენ.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.