„ჭიქა ჩაარტყეს თავში, თავგახეთქილი ადამიანი მთელი ღამე იყო ბორკილებდადებული” | ბათუმის პოლიციას წამებაში ადანაშაულებენ

ბათუმის პოლიციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ – ადვოკატი ზაზა პაპიძე „მთავარ არხთან” ჰყვება, რომ პოლიციელებმა მე-7 განყოფილებაში მის დაცვის ქვეშ მყოფს ჭიქა ორჯერ ჩაარტყეს, ტვინის შერყევა მიაღებინეს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ხელბორკილები არ მოხსნეს.

მომხდარზე ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეაგირებას ელოდება

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიცხადა, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან იქნა ძალადობა გამოყენებული, კონკრეტულად ჭიქა ჩაარტყეს თავში. სამედიცინო დახმარება რომ აღმოჩენილიყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში და მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა ბორკილები. ადამიანი აწამეს. თავგახეთქილი ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ბორკილებდადებული. დეტალებსა და შესაბამის მტკიცებულებებს 2 დღეში მოაგხსენებთ. გამოძიება აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არ გვინდა, ხელი შევუშალოთ” – განაცხადა ზაზა პაპიძემ, ადვოკატმა.