მეტროსადგური „ვარკეთილი” რეაბილიტაციის გამო, 2 თვით დაიხურება

რეაბილიტაციის გამო, ვარკეთილის მეტრო დაახლოებით 2 თვით დაიხურება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე. მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული აღნიშნული პროექტი” – განაცხადა კახა კალაძემ. 

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ბადა კონსტრაქშენი” შეასრულებს. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა. ის 2014 წელს „ქართული ოცნების“ შემწირველი იყო. მან ივანიშვილის პარტიას 60 000 ლარი გადაურიცხა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის” რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 000 000 ლარი დაუჯდება.

მეტრო ივნისი-აგვისტოს შუალედში დაიკეტება. კალაძე ამბობს, რომ მეტროს დახურვის პერიოდში მერია ეცდება ამ მიმართულებით ავტობუსები დაამატოს.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილის”  სარეაბილიტაციო სამუშაოები წინა მერის, დავით ნარმანიას პერიოდშიც განხორციელდა, თუმცა 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.