NDI: საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 1 წელში ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს.

ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 1 წელში ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია.

ამავე კვლევის თანახმად, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს. მეტიც, „ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

კვლევა ემყარება 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.