“ამას ავლეწავ, მუხლებში დავჭრიო…” – LGBTQ აქტივისტებს ორი პირი აედევნა, ავტობუსში აჰყვა და მოკვლით დაემუქრა

LGBTQ აქტივისტებს, ლუკა აბლოთიას და კატო ჯორჯეულს ორი პირი აედევნა, ავტობუსში აჰყვა და მოკვლით დაემუქრა – ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

აბლოთიამ გამოცემას განუცხადა, რომ თავს გაქცევით უშველეს და კორპუსებში დაიმალნენ, საიდანაც პოლიცია გამოიძახეს.

“სახლში მივდიოდით, მეტროდან ამოვედით და 2-მა, დაახლოებით, 25-27 წლის ადამიანმა მიცნო. ვიგრძენი, რომ რომ რაღაც რიგზე არ იყო, გავაფრთხილე კატო და ვუთხარი, რომ წავსულიყავით, ავტობუსში ავსულიყავით. ეს 2 ადამიანი ავტობუსში ამოგვყვა. როცა დავსხედით, იძახდნენ – ეს ის TikTok-ერია, LGBT ქათმების აქტივისტი, რელიგიას ებრძვის და ა.შ. პირჯვარს იწერდნენ. ერთი ამბობდა, ამას ავლეწავ, მუხლებში დავჭრიო, მსგავსი ლექსიკა ჰქონდათ. ასევე, ამბობდნენ, ავტობუსი გაჩერებაზე რომ გააჩერებს, ღორივით დავკლავთო, იგინებოდნენ.

კატომ მანიშნა და უკან გადავიდა, მეც გავყევი. მითხრა, რომ ჩავსულიყავით. სანამ გაჩერება იქნებოდა, ეს ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ და დაგვიწყეს ლაპარაკი, განსაკუთრებით, მე მეუბნებოდნენ – შენ ის არ ხარ, ლუკა, TikTok-ერი აქტივისტიო? კი, მე ვარ-მეთქი. მაშინ მე გაჩვენებ ვინც ხარო. ტელეფონში ჩემი გვერდი მოძებნეს და ჩემს ტიკტოკებს ათვალიერებდნენ. მე და კატომ მოვასწარით და ავტობუსიდან ჩავედით. კარები დაიკეტა და თავი შევაფარეთ კორპუსებს” – აცხადებს ის.

ლუკა აბლოთია ამბობს, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ 2-მა ადამიანმა დადევნება სცადა, თუმცა გაიქცნენ.

“ზუსტად არ ვიცი, ამ საქმესთან დაკავშირებით თუ დაიწყება გამოძიება, რადგან პოლიციას უნდა [გაიგოს] მუქარა თუ იყო, შენთან თუ მოვიდნენ და კონკრეტულად გითხრეს, ამას გიზამ, დაგჭრი, გცემ, მაგ შემთხვევაში შეიძლება საქმის აღძვრაო”