2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციამ 24 თებერვალს დააკავა.

სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ პროცესზე მიიღო.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო – ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.