იესომ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა

14 იანვარი (ახ.სტ.) – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები – შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი – ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც. ამ მოვალენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, ღვთის ძემ რომ განვლო, მივბაძოთ მას, ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო განკაცებულ უფალს გაევლო ჩვილობა, ყრმობა, სიჭაბუკე? ნუთუ გაუჭირდებდოა, პირდაპირ ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობაო? რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ მალე გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა თავისი ღვაწლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება. დღესაც მრავალი სექტა ავრცელებს ამ მცდარ სწავლებას. და ეს მაშინ, როცა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა; რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?

აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე” (დაბ. 17,12). მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც – არაბები წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.

იუდეველები ამ წესს ისე მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო – სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო” სწორედ „მაცხოვარს” ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა)

ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა აგრეთვე მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.

ცნობები, აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კა-ნონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.

წყარო: ხარება

კომენტარის დატოვება