“ვერავითარი  გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერ ექნება” – კობახიძე

ვერავითარი  გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერ ექნება,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე   ქართულ პოლიტიკაში  მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას.

მისივე თქმით, ბოლო 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა.

„პირდაპირ გვატყუებდნენ, თან – ვინ, გაიხსენეთ. მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული, გასაგებია, „ენჯეოები“ რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიებიც რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფარსში ჩართული იყო ადამიანი, რომელსაც სახალხო დამცველი ერქვა, მისი ექიმები – ადამიანებს ექიმები ერქვათ და პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელები. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ა.შ.

რაც შეეხება პოლიტიკაში სააკაშვილის ჩართვას, ვერავითარი – ვერც ასეთი, ვერც ისეთი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერ ექნება. მათ შორის, იმის გამო, რომ მან განსაკუთრებით, ამ ბოლო 600 დღის განმავლობაში მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, მან საკუთარი თავი წარმოაჩინა კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ, ეს ისედაც იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ ასეთი ტყუილი აკადრა საზოგადოებას. ამის შემდეგ შეუძლებელია, რომ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ პოლიტიკაზე რამე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა კობახიძემ.