“გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში” – კობახიძე

გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადების შეფასებისას კობახიძემ აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში.

მე არ ვიცი, რატომ არის კონკრეტული ადამიანების ინტერესებში, რომ ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში. აღნიშნულზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მეტად მძაფრად, ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტო. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ვფიქრობთ, ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს ძალები, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში“,-აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა  ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.