“წარმატებით მივიწევთ წინ” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე.

“შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ”, – განაცხადა ანა მალიარმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე.

“როვნოპოლი – ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახლა მიმდინარეობს გამაგრება დაკავებულ პოზიციებზე, რუს სამხედროებს სერიოზული დანაკარგები აქვთ. ფაქტობრივად ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა”, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.