უკრაინელებმა საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს – ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება

უკრაინის მიერ ყირიმის ქალაქ ჯანკოიზე დღეს დილით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა, – ამის შესახებ ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „ხელმძღვანელი“, სერგეი აქსიონოვი იუწყება.

მისი მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 11 დრონი ჩაახშო და მოიგერია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საბრძოლო მასალის საწყობზე დრონით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა თუ ის ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გაანადგურა.

სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობაც დაზიანდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, „უსაფრთხოების მიზნით“, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეჩერდა.