დასავლეთმა ბუქარესტის სამიტის შეცდომა გაიაზრა, თუმცა ახლა ხელისუფლება გვაშორებს უსაფრთხოების მთავარ გარანტს- გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, ის, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ მისცეს, ეს დიდი შეცდომა იყო და ამაზე დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს.

ამ განცხადებით, წერეთელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ კონფერენციაზე ნატო-ში ინტეგრაციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გარკვეული დრო და მოვლენები დასჭირდა ზოგიერთი დიდი სახელმწიფოსა და ლიდერის მხრიდან იმის გააზრებას, რომ ეს საჭირო ნაბიჯი იყო.

„წინა ხელისუფლება ამაზე ყველას აფრთხილებდა და არა მარტო ლაპარაკობდა, არამედ მოქმედებდა კიდეც იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოფილიყო მთავარი საკითხი. მაშინ წევრი სახელმწიფოების გარკვეულ ნაწილს ეს არ სურდა, თუმცა ახლა მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ იმ სახელმწიფოებმა გაიაზრეს შეცდომა და დაინახეს რეალობა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამწუხარო მდგომარეობა, როცა საქართველოს ხელისუფლება ასე არ ხედავს, არ სურს, და პირიქით, დაახლოების მაგივრად გვაშორებს უსაფრთხოების მთავარ გარანტს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.