თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს- იაგო ხვიჩია

თუ აწყობ პოლიტიკურ აჯაფსანდალს, ისეთი უნდა მოაწყო, რომ არც ერთი მწვანილი გარეთ არ დარჩეს. შესაბამისად, მე ვხედავ მარგველაშვილს ამ კოალიციაში, კიდევ სხვებსაც ვხედავ,- ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაში შესაძლოა გიორგი მარგველაშვილიც ვიხილოთ.

ხვიჩია აცხადებს, რომ მათი მიზანია წინასაარჩევნოდ ხალხმა “ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივად მხოლოდ “გირჩი” დაინახოს.

„უნდა მოხდეს “ნაცმოძრაობის” კონსოლიდაცია და ყველა “ნაცი” ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას წავიდა, უნდა დაუბრუნდეს წიაღს, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს, წინასაარჩევნოდ არსებობენ “ნაცები”, “ქოცები” და არსებობს ერთადერთი ალტერნატივა ამ ორისგან – “გირჩი”. ჩვენ ამას ვესწრაფვით და მთელი მონდომებით წარმატებებს ვუსურვებ ამ გაერთიანების რთულ საქმეში,”– განაცხადა იაგო ხვიჩიამ.