“როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს უსაფრთხოების ევროკავშირთან შესაბამისობის კოეფიციენტი შემცირდა, შეიძლება იყოს ის, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს, საქართველოსგან განსხვავებით, აქვთ ფუფუნება, რუსეთს სანქციები დაუწესონ.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ, მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთთან მხოლოდ 8%-ია.

„ერთადერთი, რაც ქვეყანას შეეძლო თეორიულად გაეკეთებინა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო. იცით, რომ რუსეთისთვის სანქციებს არ ვაწესებთ, ასე რომ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთი გადაწყვეტილებებს ცალმხრივად იღებდა.

რაც შეეხება ციფრებს, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის წილი მხოლოდ 8%-ია. შეიძლება, ნახევარი პროცენტი მეშლებოდეს. როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენი უსაფრთხოების შესაბამისობის კოეფიციენტი შემცირდა, შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთისთვის სანქციებს არ ვაწესებთ. შეიძლება, ასეთი ფუფუნება ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცხადია. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნები წლის განმავლობაში რუსებთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ. ასეთ დროს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.