ხატია დეკანოიძემ კახა კუჭავას – ძალადობა არის დაუშვებელი, ასწავლეთ და უთხარით თქვენს უმრავლესობის წევრებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართა, რომ მის მიერ მიღებული კანონები და ყველაფერი, რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, წყალში იყრება, რადგან არ ახდენს სათანადო რეაგირებას 18 ივლისს პარლამენტის დარბაზში მომხდარ ფაქტებზე.

დეკანოიძის თქმით,  როდესაც დეპუტატი კაცი პროტესტის გამოხატვის ამ ფორმას ახშობს და ქალს ეხება ფიზიკურად, ეს ახალისებს ქუჩაში ძალადობასაც.

„როგორც იძალადა ბატონმა პაპუაშვილმა ქალბატონ თინაზე, მათ შორის ბატონმა ზარქუამ, ბატონო კახა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქალზე შეხება და ასეთი ფორმით ქალზე ძალადობა უბრალოდ წარმოუდგენელია, არ შეიძლება და იმის მაგივრად, რომ თქვენგან ამას ჰქონოდა რეაგირება, როგორიც საჭიროა, მათ შორის იმ წარმოუდგენელ კადრებზე, გულწრფელად გეუბნებით, დიდი ხანი ვმუშაობდი სამართალდამცავ უწყებაში, მაგრამ ასეთი ახლო შეხება და ძალადობა ადამიანებზე, დეპუტატების მხრიდან დეპუტატებზე მე პირველად ვნახე.

ბატონო კახა, ეს ახალისებს ქუჩაში ძალადობას. როდესაც დეპუტატი კაცი პროტესტის გამოხატვის ამ ფორმას ახშობს და ქალს ეხება ფიზიკურად, როდესაც ამას ხედავს ქუჩაში მოქალაქე, ამ დეპუტატებზე არავითარი რეაგირება არ აქვს მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში არავის, ამ შემთხვევაში მოქალაქე უყურებს იმას, რომ თურმე ქალზე ძალადობა შესაძლებელია. ბატონო კახა, მათ შორის თქვენი მიღებული კანონები, ყველაფერი, რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, ყველაფერი წყალში იყრება. რა აზრი აქვს იმას, თუ თქვენთან მოსაახლოებლად და დასალაპარაკებლად დეპუტატს შეუძლია, იღლიებში ხელი ამოსდოს ქალს და ფიზიკურად გაათრიოს.

ჩვენ გავავრცელეთ განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანია რეაგირება. არ ვაპირებ გაჩერებას მარტო ეთიკის საბჭოზე, არ მაქვს დიდი იმედი. ეთიკის საბჭოც ისეთ დასკვნას გამოიტანს, როგორიც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ეს არ იყო ძალადობა. ამ დროს იყო ძალადობა, ბატონო კახა. არ შეიძლება, ბატონო შალვა, ქალზე შეხება არ შეიძლება. ეს არის ძალადობა. მინდა, თქვენ ახლა ამ ადამიანებს, ქალებს, ყველას გასცეთ პასუხი. ძალადობა არის დაუშვებელი, ასწავლეთ და უთხარით თქვენს უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა“, – მიმართა ხატია დეკანოიძემ კახა კუჭავას.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password