ირაკლი კობახიძე – თბილისში გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები შედის მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ

ის, რაც გუშინ და დღეს ხდებოდა თბილისში, შედის მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, მათ მოახერხეს გარკვეული არეულობის სურათის შექმნა და ეს იყო პირდაპირი განზრახვა, რომელიც კონკრეტულმა ძალებმა სისრულეში მოიყვანეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დაშავდნენ ჟურნალისტები და ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა.

„რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება შსს-ში დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, თუ რა იყო ამ ინციდენტების მიზეზი და რატომ ვერ მოხერხდა მისი აღკვეთა. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, იყო ერთგვარი პროვოკაციული განზრახვა, რასაც მოჰყვა მოვლენების ასეთი განვითარება. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული განწყობები. ვიღაცას შეიძლება, რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტის და მით უმეტეს, უმრავლესობის განწყობას ყველამ სცეს პატივი. საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ პრაიდი, როგორც ღონისძიება, არის მიუღებელი. ისინი ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ. როდესაც ცდილობ, ამ აღქმის წინააღმდეგ ერთგვარი იდეოლოგიური ძალადობით წახვიდე, ეს არის პრობლემა. ეს ქმნის რისკებს, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით – ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა, ესკალაციის თავიდან აცილება. პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ როგორც კონკრეტულ მოძალადეებს, ასევე მათ, ვისაც ვაფრთხილებდით, თუმცა მათ მაინც არ თქვეს უარი საკუთარი ღონისძიებების ჩატარებაზე. ყველას გვაქვს კონსტიტუციური უფლებები, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შენი უფლებები უნდა განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად. ასე მოქმედებენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.