“თუ არაფერს აკეთებენ და არ ასრულებენ რეკომენდაციებს, ის მაინც გააკეთონ, რომ გაჩუმდნენ” – რომან გოცირიძე “ქართულ ოცნებას”

თუ არაფერს აკეთებენ და არ ასრულებენ რეკომენდაციებს, ის მაინც გააკეთონ, რომ გაჩუმდნენ, -ამის შესახებ ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” სინონიმია სიცრუე და ორპირობა .

 

“ქართული ოცნების” სინონიმი არის სიცრუე და ორპირობა, მათი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო. ახლა ამტკიცებდნენ, რომ თურმე 11 ათასი დოლარი აიღო მარგველაშვილმა სააკაშვილისა და მისი ოჯახისგან. ამ ტყუილმა 1 საათიც კი ვერ გაძლო, ეს იყო მტკნარი სიცრუე, ისევე როგორც ის, თითქოს აშშ-ის საელჩო მონაწილეობს რაღაც პროცესებში. ასე რომ, “ქართული ოცნების” ლიდერების არც ერთი სიტყვა არ უნდა დავიჯეროთ. მათი მთავარი სამარკო ნიშანია მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, მაგრამ უკვე აღარავის სჯერა. “ქართული ოცნება” შანსს არ უშვებს, რომ თავს დაესხას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეს ხდება 2-3 თვით ადრე, როცა სტატუსის კონტექსტში უნდა იყოს შეფასება. ეს მიუთითებს, რბილად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” უპასუხისმგებლობაზე და მორალურად თუ შევაფასებთ, მათ მოღალატეობრივ ქცევაზე, ვინაიდან თუ არაფერს აკეთებენ და არ ასრულებენ რეკომენდაციებს, ის მაინც გააკეთონ, რომ გაჩუმდნენ, 2 თვე პირში წყალი ჩაიგუბონ, იქნებ ესეც საქმე იყოს. ხანდახან დუმილიც საქმეა, მაგრამ არ დუმან და გასაგებია, რატომ იქცევიან ასე,” – განაცხადა გოცირიძემ.